logo
ENG



ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის ხსენების გამო "ოცნებას" აკრიტიკებს

14 ივნ 202222:07
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის ხსენების გამო "ოცნებას" აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების ლიდერები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილს შეეხო. 

დღეს, 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ რეზოლუცია განწყობის გამოხატვაა და არა ევროკავშირის გადაწყვეტილების დაანონსება

ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტების დროს მას დახვდა "გაფუჭებული საქმე, რომელიც სხვადასხვა კუთხით გამოვლინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ დისკუსიის ნაწილში". 

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც, მედიის თავისუფლებას და სხვა პრობლემების ხაზგასმასთან ერთად არის მოწოდება, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის სანქციები დაუწესდეს. 

ზურაბიშვილის თქმით: 

"[გაფუჭებულ საქმეში] პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი, ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო". 

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო ქართული ოცნება ცდილობს, თავისი შეცდომები მას გადააბრალოს. 

"ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი კი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. ეს არ წარმოადგენს არც გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს განაცხადი, რომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმის სანქციები. ეს ბუნდოვანება ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს მათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აერიდებინა თავიდან. ამ დანაშაულზე კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა.

თქვენ არაფერი გააკეთეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 


close დახურვა